მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები „მტკიცე სული 2021“ დღეს ვაზიანში გაიმართა [ფოტო]
მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები „მტკიცე სული 2021“ დღეს ვაზიანში გაიმართა [ფოტო]

მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები „მტკიცე სული 2021“ დღეს ვაზიანში გაიმართა.

დღევანდელ საჩვენებელ სწავლებაში ქართველი და ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც წელს საიუბილეოა და მას საქართველო უკვე მეათედ მასპინძლობს, ოფიციალურად 26 ივლისს დაიწყო. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და ხუთ ლოკაციაზე იქნება გაშლილი.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წვრთნები ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვის, აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.

„მტკიცე სული 2021“ უკვე მეათედ ტარდება. სწავლება, რომელიც რეგიონში ორ ქვეყანას – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დაიწყო, დღეს უკვე მრავალეროვნული ერთობლივი სწავლება გახდა. ახლა მასში 15 ქვეყნის 2 500 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.