მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) დღეს გაიხსნება.
წვრთნები სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, საველე ბანაკ სორტაში, ორფოლოს პოლიგონზე, ასევე ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება.
საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ სწავლებაში მონაწილე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე ამერიკული ტექნიკა და ვერტმფრენები.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შავი ქორის ტიპის ვერტმფრენები HH-60 Agile Spirit 2021-ში მონაწილეობის მისაღებად გერმანიიდან, რამშტაინის სამხედრო აეროდრომიდან ჩამოიყვანეს. ვერტმფრენები სწავლების აღსრულების პერიოდში სამედიცინო ევაკუაციის კომპონენტში იქნება ჩართული.
თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად, საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა Agile Spirit 2021-ში იქნება ჩართული.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლებას საქართველო 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
წვრთნების მიზანს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება, მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.