„მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი - ისნის N2 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ პროცედურა დაარღვია, თუმცა ამომრჩევლის ხმის მიცემის უფლება დაიცვა
თბილისში, ისნის N2 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ პროცედურა დაარღვია, თუმცა ამომრჩევლის ხმის მიცემის უფლება დაიცვა, – ამის შესახებ „მრავალეროვანი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის კოორდინატორმა, ირმა ბასილაშვილმა აღნიშნულ უბანში მომხდარ ინციდენტზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განაცხადა.
სწორედ „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელმა დაწერა საჩივარი ისნის მე-2 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
ბასილაშვილი ამბობს, რომ უბანზე მყოფი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკანონოდ ცდილობდნენ, ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას, რისი საშუალებაც მათ უბნის თავმჯდომარემ არ მისცა, თუმცა ფორმა, რითაც მან ამომრჩევლის უფლება დაიცვა, პროცედურული დარღვევა იყო.
მისი თქმით, ორგანიზაციის დამკვირვებელს საჩივრის დაწერის გამო, ის დამკვირვებლები დაუპირისპირდნენ, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოში ჩანან და მანამდე ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლებას უზღუდავდნენ.
მან ინციდენტის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უბანზე შესულ ამომრჩეველს რეგისტრატორთან მისვლისას თავისი სახელი და გვარის გასწვრივ სხვისი ხელმოწერა დახვდა.
„როგორც ჩანს, რეგისტრატორს ან წინა ამომრჩეველს შეეშალა და სხვა გრაფაში მოაწერა ხელი, რაც იმითაც დასტურდებოდა, რომ გრაფის გასწვრივ რეგისტრატორის ხელმოწერა არ ფიქსირდებოდა. ეს ნიშნავს, რომ შეცდომა დროულად აღმოაჩინა რეგისტრატორმა, თუმცა არ დაუწერია ფაქტობრივი მდგომარეობის ახსნა-განმარტებითი წერილი, რაც ასეთ შემთხვევაში ხდება. ჩვენმა დამკვირვებელმა მოსთხოვა ახსნა-განმარტებითი წერილის დაწერა, რაც შესრულდა. თუმცა, ამომრჩეველს პოლიტიკური პარტიებისა და ზოგიერთი საეჭვო წარმომავლობის არასამთავრობო სექტორის დამკვირვებლები ხმის მიცემის უფლებას არ აძლევდნენ. ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი, რომ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება მისცემოდა. მოქალაქემ მიიღო ბიულეტენი, გააკეთა თავისი არჩევანი და როცა ყუთისკენ წავიდა, მაშინ დაიწყო პროცესი, რაც გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ამომრჩეველი ცდილობს, საარჩევნო ყუთში ჩააგდოს ბიულეტენი და ამის საშუალებას სწორედ ეს დამკვირვებლები არ აძლევენ. ამის შემდეგ თავმჯდომარემ გამოართვა ბიულეტენი ამომრჩეველს და თავად ჩააგდო ყუთში. ეს პროცედურული დარღვევაა. თავმჯდომარეს შეეძლო, წესრიგისკენ მოეწოდებინა პირებისთვის, რომლებიც თავს დაესხნენ ამომრჩეველს ან გაეძევებინა უბნიდან და შემდეგ მიეცა ამომრჩევლისთვის საშუალება, თავად ჩაეგდო კონვერტი ყუთში“, – განაცხადა „მრავალეროვანი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის კოორდინატორმა.
მისი თქმით, აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა, მაგრამ რ მიეცა საშუალება, ჩაებარებინა მეორე საჩივარი, რადგან სხვა დამკვირვებლები დაუპირისპირდნენ და „მრავალეროვანმა საქართველომ“ უსაფრთხოების მიზნით ის უბნიდან გამოიყვანა.
ბასილაშვილმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველმა, რომელსაც გრაფაში სხვისი ხელმოწერა დახვდა, მარკირების პროცედურა უბანზე შესვლისას გაიარა და მანამდე მას მარკირება არ ჰქონია.
ისნის N2-ე საარჩევნო უბნის ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც გამოეხმაურნენ.