„მრავალ ახალ ხეს“ - აქციის ფარგლებში ბორჯომში დამწვარი ნაძვის ხეები თბილისში გამოფინეს [ფოტო]
თბილისში სპორტის სასახლის წინ აქცია სახელწოდებით #მრავალახალხეს დაიწყო. აქციის მიზანი ბორჯომში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის საფარის აღდგენაა. იდეის ავტორები კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონი” და “ტრიპექსი” არიან.
ორგანიზატორების განცხადებით, აქციისთვის ტერიტორია სპეციალურად შეირჩა, რათა ხელი შეუწყონ წინასაახალწლო ტრადიციას, ოჯახისთვის ნაძვის ხის შეძენის პარალელურად, ცოცხალი ხეებიც დაირგოს საქართველოს იმ ადგილებში, სადაც ეს ყველაზე საჭიროა, ამჯერად კი ბორჯომის ხეობაში.
მსურველებს ადგილზე შეუძლიათ სპეციალური ვაუჩერების შეძენა, რომლითაც მათ სახელზე ბორჯომის ხეობაში წიწვოვანი ხე დაირგვება. ამასთან, აღნიშნული ხეების შეძენა ინტერნეტში საიტზე borjomistvis.ge-ზეც შეიძლება.
აქციის ფარგლებში, რომელიც 30 დეკემბრის ჩათვლისთ გაგრძელდება, სპორტის სასახლის წინ ბორჯომის ხეობიდან ჩამოტანილი დამწვარი ნაძვებიც არის გამოფენილი.
ბორჯომის ტყე-პარკში ხანძარმა 1000-მდე ჰექტარი ფართობი გაანადგურა.