მოზამბიკში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. ამის შესახებ აფრიკული ქვეყნის პრეზიდენტი იუწყება.
ფილიპ ნაუსის განმარტებით, ციკლონმა იდაიმ მოზამბიკში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. სულ მცირე 100 ათას ადამიანს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება. ისინი სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებიან. ნაწილობრივ ან ბოლომდე განადგურებულია ათასობით საცხოვრებელი შენობა.
ციკლონი იდაი პირველად სოფალას პროვინციაში, საპორტო ქალაქ ბეირას დაატყდა თავს. მასშტაბურმა სტიქიამ მდინარე ბუზის ადიდება გამოიწვია. შედეგად კი, თითქმის მთელი ქალაქი წყლის ქვეშ მოექცა. მსხვერპლის დიდი ნაწილი სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა.
ვითარებას ართულებს ავტომობილების გადაადგილებისთვის რთული პირობები, რის გამოც მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება ვერ ურიგდება, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დახმარების მიწოდება საჰაერო გზითაც ვერ ხერხდება.
მასშტაბურმა სტიქიამ მოზამბიკთან ერთად ზიმბაბვესა და მალავისაც გადაუარა. გაეროს ცნობით, ციკლონმა მილიონობით ადამიანი დააზარალა. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, იდაი სამხრეთ ჰემისფეროში ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურებაა.