შპს. მ.ზ. -ს მოვაჭრეები, რომელთა დახლებიც დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული, დედაქალაქის მერიასთან აქციას მართავენ.
მოვაჭრეების მოთხოვნაა, გაიღოს კარი, რომელითაც მათი სამუშაო პერიმეტრია შემოღობილი.
აქციის მონაწილეების განმარტებით, პერიმეტრი შპს. “დიდუბემ” სამი წლის წინ შემოღობა, რითაც უსაფრთხოების ნორმები დაარღვია. მათი თქმით, ხანძრის შემთხვევაში ტერიტორიაზე სახანძრო მანქანის მოხვედრა შეუძლებელია.
„ხანძრის შემთხვევაში, იქ გასასვლელი და ევაკუაციის საშუალება არ არის“, – აცხადებს მოვაჭრე, ლიანა ხელაძე.
მისივე თქმით, 300-მდე მოვაჭრე უკვე წლებია, მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას, თუმცა მათი მოთხოვნა არ კმაყოფილდება.
აქციის მონაწილეები, დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს მათი პრობლემით დაინტერესებას სთხოვენ.
„გვინდა, კახი კალაძეს, ქალაქის მერს გავაგებინოთ ჩვენი გულის ტკივილი. ორი წელია, რაც ეს პრობლემა შუქდება, მაგრამ ჩვენს გასაჭირს საშველი არ დაადგა.
ოქტომბერში სასამართლომ საქმე განიხილა და ჩვენი სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, მაგრამ პრობლემა მაინც არ მოგვარდა. ჩვენი ტერიტორია მეორე შპს-მ შემოღობა, გზა სამი მხრიდან არის ჩაკეტილი, უსაფრთხოების ნორმები ძალიან უხეშად არის დარღვეული, ეს არაერთხელ გავაპროტესტეთ. სხვათაშორის, ბატონი ნარმანია იყო ამ კარების გაღების მომხრე, მაგრამ საკითხი აქამდე ვერ გადაწყდა“, – განმარტა, ლიანა ხელაძემ.
დიდუბის ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეების განმარტებით, უსაფრთხოების ნორმების გარდა, პრობლემაა შემცირებული ვაჭრობაც. მოვაჭრე ლალი პერტიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნული კარის გაღების განკარგულება გასცა, ეს მოთხოვნა ამ დრომდე არ არის შესრულებული.