2019 წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უკვე გამოცხადებულია კონკურსი საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე, რომელიც 10 თებერვალს დასრულდება.
„მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს – 2019 წლის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდება, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის რეაბილიტაციაა. ეს შენობა-ნაგებობა 200 წელს ითვლის და ერთ-ერთი უნიკალურია დედაქალაქში, რომელმაც ბევრი ქარტეხილი გამოიარა, ბევრჯერ შეიცვალა იერსახე, თუმცა ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია და როგორი დატვირთვა აქვს ამ შენობას. სწორედ მის თავზე აღიმართა პირველი რესპუბლიკის ეროვნული დროშა. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ამ შენობის რეაბილიტაცია-მოწესრიგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტირების ვადა 10 დეკემბრამდეა და მისი ღირებულება 599 000 ლარია.
„პროექტებს ეტაპობრივად მივიღებთ, რომ 2019 წელსვე დაიწყოს სამუშაოების განხორციელება. უპირველესად, აქცენტი კეთდება წინა ფასადის აღდგენაზე. ეს არის ძეგლი და შესაბამისი სამუშაოები მაქსიმალური ყურადღებით იქნება გაწეული კონკრეტულ შენობაზე. მნიშვნელოვანია, რომ შენობა მთლიანად იქნება რეაბილიტირებული და კიდევ ბევრი ათეული წლები მოემსახურება მომავალ თაობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.