მოსწავლეთა ინტოქსიკაციის გამო, ქუთაისში საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამართალდამცავი ორგანოებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლეთა ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
იმერეთში ექსკურსიაზე მყოფი შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ინტოქსიკაციის ნიშნებით 4 ნოემბერს ქუთაისის ჯანდაცვის დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც მოზარდებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა განმარტეს, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ი/მ „ოთარ სინაურიძის“ კუთვნილ საზოგადოებრივი კვების ობიექტში ივახშმეს, რის შემდეგაც აღენიშნათ ინტოქსიკაციის სიმპტომები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა კვების ობიექტში იმავე დღეს ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება, გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები.
საზოგადოებრივი კვების ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებისა და მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ შეძლებს.