მოსკოვში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მორიგი დემონსტრაცია მიმდინარეობს.
„დოიჩე ველეს“ რუსული ბიუროს ცნობით, სანქცირებულ აქციას ოთხი ათასამდე ადამიანი ესწრება. ადგილზე იმყოფება რამდენიმე ასეული სამართალდამცველიც. მანიფესტაციის მონაწილეები საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვას და აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ.
სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით რუსეთში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. გასულ შაბათს ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, 10 აგვისტოს მოსკოვში გამართულ აქციას 60 ათასამდე ადამიანი დაესწრო. ამავე დღეს დემონსტრაციები გაიმართა რუსეთის სხვა ქალაქებშიც. მათ შორის სანკტ-პეტერბურგში, დონის როსტოვსა და ბრიანსკში. სამართალდამცველებმა 10 აგვისტოს დემონსტრაციებზე საერთო ჯამში 270-მდე ადამიანი დააკავეს.