მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს
მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე სერგეი ლავროვმა არარატ მირზოიანთან და ჯეიხუნ ბაირამოვთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა.
როგორც შეხვედრის დაწყებისას მასპინძელი ქვეყნის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რუსეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობითა და სტაბილურობით.
„ჩვენ გავაგრძელებთ, მხარეთა თანხმობით, ჩვენს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ვითარების სტაბილიზაციისკენ. დღეს ვისურვებდით, გაგვეგრძელებინა აზრთა გაცვლა იმასთან დაკავშირებით, რა ეტაპზეა ამჟამად სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესი. ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად ხელი შევუწყოთ მის შეთანხმებას“, – განაცხადა ლავროვმა შეხვედრის დაწყებისას.
თავის მხრივ, ჯეიხუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პროცესის დინამიკა საკმაოდ მაღალია.
„უკანასკნელად ჩვენ ასეთ ფორმატში ორ თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ შევხვდით. მას შემდეგ იყო დიდი რაოდენობით შეხვედრები, კონტაქტები როგორც ლიდერების, ისე ვიცე-პრემიერების დონეზე. გუნდებთან ერთად შეხვდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები“, – თქვა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.
ჯეიხუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ შედეგები გარკვეულწილად ჩამორჩება თავად მოლაპარაკებების პროცესის დინამიკას, თუმცა, მისი განცხადებით, არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ დადებითი შედეგი საერთოდ არ არის.
თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესს ართულებს მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაცია, რომელიც უკავშირდება „აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო დაკეტვას“.
„სამწუხაროდ, აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო დაკეტვა და მთიანი ყარაბაღის ბლოკადა ართულებს პროცესს. მთიან ყარაბაღში სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისია და ძალიან ახლოა ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა. სიტუაცია უარესდება ყოველ საათში, მთიან ყარაბაღში არ შედის არც პროდუქტი, არც მედიკამენტები, ასევე გამორთულია გაზი და ელექტროენერგია“, – აღნიშნა არარატ მირზოიანმა.
მისი თქმით, თუ აზერბაიჯანი არ შეწყვეტს ბლოკადას, ადგილზე ჰუმანიტარულ კატასტროფას ექნება თავისი უარყოფითი შედეგები მოლაპარაკებების პროცესისთვისაც.