მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
„თავდასხმის შედეგად დაიღუპა 139 ადამიანი, მათგან 75-ის იდენტიფიცირება მოხდა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. დაღუპულთა იდენტიფიცირება ამ დრომდე გრძელდება“, – აღნიშნა ბასტრიკინმა.
მისივე თქმით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის ჭრილობები და დაზიანებები მიიღო 182-მა ადამიანმა.
შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.