რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მოსკოვში 28 ოქტომბრიდან კარანტინი გამოცხადდება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
28 ოქტომბრიდან მაღაზიების უმეტესობა, სკოლები და სპორტ დარბაზები დაიხურება. რესტორნები და კაფეები მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისით გააგრძელებენ. თეატრებსა და მუზეუმებში შესასვლელად კი ვაქცინაციის დოკუმენტის წარდგენა იქნება აუცილებელი.
„მოსკოვში სიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება. უახლოეს დღეებში კორონავირუსთან ბრძოლაში ისტორიულ პიკს მივაღწევთ“, – განაცხადა მოსკოვის მერმა ს სერგეი სობიანინმა.
რუსეთში ბოლო რამდენიმე დღეა „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 1 036 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
21 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 8 131 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 091 000-ს აჭარბებს.
რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 227 389 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 47 მილიონი ადამიანი.