მოსკოვსა და კიევს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, რუსეთის ტყვეობიდან 108 ქალი გათავისუფლდა
მოსკოვსა და კიევს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, რუსეთის ტყვეობიდან 108 ქალი გათავისუფლდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ ქალებს შორისაა „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული 37 ქალი, 11 ოფიცერი, ასევე 12 სამოქალაქო პირი.
„დღეს შესაძლებელი გახდა, ჩაგვეტარებინა ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა. განსაკუთრებით ემოციური და ნამდვილად განსაკუთრებული – ჩვენ ტყვეობიდან გავათავისუფლეთ 108 ქალი. ტყვეობაში იმყოფებოდნენ დედები და ქალიშვილები, რომლებსაც ძალიან ელოდნენ ახლობლები“, – აღნიშნავს ერმაკი.
მისი ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან ქალები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ჯერ კიდევ რუსეთის ფართომასშტაბიან ინტერვენციამდე.
თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ტყვეობიდან გაათავისუფლეს 110 რუსი, რომელთა შორის სამოქალაქო ხომალდების 72 მეზღვაურია.