მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ ყარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსს, ვლადიმერ ყარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად რუსული არმიის დისკრედიტაცია, რუსეთში არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სახელმწიფოს ღალატი დასდეს.
ვლადიმერ ყარა-მურზა 41 წლისაა, ის რუსეთის და ბრიტანეთის მოქალაქეა, წლების განმავლობაში აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ლობირებდა.
ვერდიქტის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ყარა-მურზამ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს „მკვლელების რეჟიმი“ მართავს.
სასამართლოს წინაშე ბოლო გამოსვლაში ყარა-მურზამ მისი სასამართლო სტალინის რეჟიმის საჩვენებელ სასამართლო პროცესებს შეადარა და განაცხადა, რომ მოსამართლეებს მის გამართლებას არ სთხოვს.
2015 და 2017 წელს ვლადიმერ ყარა-მურზა მოულოდნელად გახდა ავად და კომაში იყო, რის გამოც პოლიტიკოსი რუსეთის სპეცსამსახურებს მის მოწამვლაში ადანაშაულებს.