მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 57 წლის მეცნიერს, ალექსანდრ შიპილიუკს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 57 წლის მეცნიერს, ალექსანდრ შიპილიუკს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 57 წლის მეცნიერს, ალექსანდრ შიპილიუკს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო შიპილიუკის საქმეს დახურულ რეჟიმში განიხილავდა, რადგან საქმის მასალები გასაიდუმლოებულია. რუსეთის უსაფრთხოების სამსახური არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რა ქმედებაში ადანაშაულებს მეცნიერს. თუმცა სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მას 2017 წელს ჩინეთში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე ჩინეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში სდებენ ბრალს. როგორც „როიტერს“ განუცხადეს, თავად შიპილიუკი აცხადებს, რომ ინფორმაცია არ ყოფილა საიდუმლო და ინტერნეტში მასზე წვდომა თავისუფალია.

ბრალდების მხარე 57 წლის ფიზიკოსისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. მეცნიერის შვილმა, მიხეილ შიპილიუკმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ მან ბრალი არ აღიარა.

„ის ადვოკატთან ერთად ბოლომდე იბრძოდა“, – აღნიშნა მიხეილ შიპილიუკმა.

57 წლის შიპილიუკი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი იყო. ის მაღალსიჩქარიანი აეროდინამიკის და გაზის ნაკადების შესწავლის ექსპერიმენტული მეთოდების სპეციალისტია. თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელობამდე შიპილიუკი 2006 წლიდან ამავე ინსტიტუტში „ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების“ ლაბორატორიის გამგე იყო.

2024 წლის მაისში პეტერბურგის სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა შიპილიუკის მასწავლებელსა და კოლეგას, 77 წლის ანატოლი მასლოვს, რომელსაც ასევე სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი.