მოსკოვის საპატრიარქოს ესტონურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წესდება შეცვლა და თავისი სახელწოდებიდან „მოსკოვის საპატრიარქო“ ამოიღო
მოსკოვის საპატრიარქოს ესტონურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წესდება შეცვლა და თავისი სახელწოდებიდან „მოსკოვის საპატრიარქო“ ამოიღო. ამის შესახებ ნათქვამია ეკლესიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც წინა დღით გამართული კრების შემდგომ გამოქვეყნდა.
„კრებამ მიიღო ეკლესიის წესდების ახალი რედაქცია, რომელშიც გამყარებულია დამოუკიდებლობა ეკლესიურ-ადმინისტრაციულ, ეკლესიურ-სამეურნეო, ეკლესიურ-საგანმანათლებლო და ეკლესიურ-სამოქალაქო საკითხებში. ასევე შეიცვალა ეკლესიის სახელწოდება „ესტონური მართლმადიდებელ ეკლესიად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კრებამ მხარი დაუჭირა სინოდის საქმიანობას სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების პროცესში. რუსეთის მოქალაქეობის მქონე ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტი ევგენი, რომელიც თებერვალში ქვეყნიდან გააძევეს, კრების სხდომაში ვიდეოსაშუალებით მონაწილეობდა.
ესტონური მედიის ცნობით, ივლისის დასაწყისში მოსკოვის საპატრიარქოს ესტონური მართლმადიდებელი ეკლესიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეათანხმეს ნაბიჯები ეკლესიაზე მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის შესამცირებლად.
შეხვედრაზე მოსკოვის საპატრიარქოს ესტონურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წარმოადგინა მოსკოვის საპატრიარქოსგან გამიჯვნის პროცესის ორეტაპიანი ხედვა. პირველი ეტაპი ეკლესიის წესდების ცვლილებას ითვალისწინებდა, ხოლო მეორე ეტაპი – ესტონეთის სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციებს მომავალში ესტონეთის მართლმადიდებლების ერთ ეკლესიაში გაერთიანების შესაძლებლობის განსახილველად.