მოსკოვის პროკურატურა მასობრივი აქციების გამართვასთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს
მოსკოვის პროკურატურა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ მასობრივი აქციების მონაწილეებს აფრთხილებს, რომ ეს უკანონო იქნება.
როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო იუწყება, რუსეთის დედაქალაქის პროკურატურა აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ მოსკოვის ცენტრში აქციების გამართვა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის.
პროკურატურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინტერნეტით ვრცელდება მოწოდებები მოსკოვის ცენტრში აქციების გამართვისკენ. ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, ჯერ სოციალურ ქსელებში ასეთი მოწოდებები არ გავრცელებულა და ოპოზიციონერი მხარდამჭერები ელოდებიან ინფორმაციას ნავალნის ოჯახის წევრებისგან.
მიუხედავად ამისა, რუსეთის რამდენიმე ქალაქში მოქალაქეები მაინც გადიან ქუჩებში და ყვავილები მიაქვთ, მათ შორის მოსკოვში, პეტერბურგში, ნოვოსიბირსკში, ნოვგოროდში, ყაზანში და ა.შ.
მოსკოვში, ქუჩაში შეკრებილ მოქალაქეებს პოლიცია მეგაფონით მოუწოდებს, დაიშალონ. ამ ეტაპზე სამართალდამცავებმა დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც მარტო გამოვიდა ქუჩაში პლაკატით, რომელზეც ეწერა: „დღეს მოკვდა ალექსეი ნავალნი”. ასეთივე პლაკატით ხელში ახალგაზრდა ქალი დააკავეს მურმანსკშიც.
ცნობისთვის, დღეს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარდაიცვალა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. გავრცელებული ცნობით, ის ციხეში გასეირნების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბი იყო. ოფიციალურად ეს ცნობა არავის დაუდასტურებია. მომხდარის შემდეგ ნავალნის ადვოკატი დასახლება ხარპში გაემგზავრა, სადაც მდებარეობს კოლონია, რომელშიც ნავალნი იხდიდა სასჯელს.