მოსკოვის ოლქში ავიაკატასტროფა მოხდა. რუსული მედიის ცნობით, დასახლება აპრაკსინოს სიახლოვეს ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტი“. ამასთან, რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა, ყველა დაიღუპა.
როგორც რუსული სახელმწიფო მედია წერს, ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი გეგმური რემონტის შემდეგ ლუხოვიცის აეროპორტიდან ვნუკოვოში გადაჰყავდათ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე ეკიპაჟმა დახმარება მოითხოვა და ავარიული დაშვებისთვის მზადება დაიწყო. ამის შემდეგ თვითმფრინავმა რამდენიმე წრე დაარტყა ჰაერში, რის შემდეგაც ჩამოვარდა. ჩამოვარდნილი ავიალაინერი 2014 წელს გამოუშვეს და ის კომპანია „გაზპრომ ავიას“ კუთვნილებაში იყო.
შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დაწყებულია გამოძიება.