მოსკოვის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილი იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი ავრცელებს.
მისი თქმით, ისტრას რაიონში ანტისაჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული ორი დრონიდან ერთ-ერთის ნამსხვრევები სახლს დაეცა, რის შედეგადაც ორი მოქალაქე დაშავდა, რომელთაგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით, დრონების ჩამოვარდნის შედეგად ასევე რამდენიმე შენობაში ჩაიმსხვრა შუშები.
ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები.
მოსკოვზე დრონებით მიტანილი იერიშის დროს რუსეთის დედაქალაქის ოთხივე აეროპორტმა დროებით მუშაობა შეწყვიტა. 50-მდე რეისი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. ამჟამად მოსკოვში ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია.