მოსამართლეთა უვადო გამწესება შესაძლოა, დროებით შეჩერდეს, ვიდრე დანიშვნების პროცედურის სერიოზული რეფორმა არ მოხდება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაში აქტიური რეფორმების სურვილი გამოითქვა.
„ვფიქრობ, ეს არის დამსახურება იმის გააზრებისა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში შექმნილია ბევრი პრობლემა, მათ შორის უვადო დანიშვნებთან დაკავშირებით. დღე გამოითქვა ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ უვადო დანიშვნები უნდა შეჩერდეს, ვიდრე დანიშვნების პროცედურის სერიოზული რეფორმა არ მოხდება. ვფიქრობ, პარლამენტის დამოკიდებულება, თუ ის ნამდვილია, იმ აქტიურობის შედეგია, რომელიც გამოვლენილი იყო სწორედ უვადო დანიშვნებთან მიმართებაში, რამაც დაგვანახა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში დარჩენილია ბევრი ხარვეზი და პრობლემა, რომელსაც გამოსწორება სჭირდება”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრის სულისკვეთება იყო, რომ რეფორმა იქნება აქტიური და დაითქვა ვადები, როდესაც უნდა მოხდეს რეფორმატორული წინადადებების შემუშავება.
„ვფიქრობ, ეს სულისკვეთება არის იმის დამსახურება, რომ ჩვენმა საკანონმდებლო ორგანომ და მისმა ლიდერებმა გაიაზრეს, რომ სასამართლო ხელისუფლება არის ის ლაბორატორია, რომლის მიხედვითაც დაუდგება ნიშანი ჩვენს სახელმწიფოს – ეს არის კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო თუ არა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.