მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე, პირველ ეტაპზე, რეგისტრაცია 233 მსურველმა გაიარა, რაც წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
გამოცდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მიმდინარეობს.
მიქაუტაძის თქმით, რეგისტრაცია უკვე დასრულდა და მაღალი მაჩვენებელი სავარაუდოდ განპირობებულია იმით, რომ გამოცდა თითქმის ორი წელია არ ჩატარებულა.
„წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს, რომ დაგვითმეს შენობა, სრული ტექნიკური მხარდაჭერა გამოუცხადეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებს“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მისი განმარტებით, გამოცდა ორეტაპიანია. პირველი ეტაპი ტესტირების ფორმით ტარდება. თითოეულ გამოსაცდელს 100 ტესტი ექნება, რომლიდანაც მეორე ეტაპზე გადასასვლელად მინიმუმ 75 ტესტს უნდა გასცეს სწორი პასუხი.
„მეორე ეტაპზე კი, ხუთი ღია კითხვა იქნება, თითოეული ხუთი ქულით ფასდება. გამოსაცდელს მოუწევს, სამართლებრივი და პრაქტიკული თვალსაზრისით დაასაბუთოს თითოეულ შეკითხვაზე პასუხი. უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე მსურველს გამოცდაში მონაწილეობის უფლება 25 წლის ასაკიდან აქვს“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
ამასთან, მისი განმარტებით, სრულად შეიცვალა კომისიის დაკომპლექტების წესი.
„გამოცდების ჩატარების თაობაზე ახალი წესი მივიღეთ. აგრეთვე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიცვალა კითხვებისა და კითხვარების მეთოდიკა და თანამედროვე მეთოდებით დგება სამი სირთულის კითხვები – მარტივი, საშუალო და რთული. თითოეული ტესტი დაბალანსებულია სამივე კატეგორიის კითხვებით. შეცვლილია შეფასების სისტემაც, ბევრად შემცირებულია სუბიექტური შეფასების რისკი და მაქსიმალურად ობიექტურად იქნება შეფასებული თითოეული გამოსაცდელი“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მისი თქმით, თითო კითხვას სპეციალიზაციის მიხედვით, კომისიის ორი წევრი ამოწმებს.