ლევან მურუსიძე - ახალმა კონსტიტუციამ იუსტიციის საბჭოს მიანიჭა უფლებამოსილება, წარადგინოს კანდიდატები, ეს უფლება უნდა იყოს რეალური
ვენეციის კომისიის ექსპერტები მოსამართლეთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. დახურულ კარს მიღმა მხარეებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტიზე იმსჯელეს.
მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან მურუსიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის ინიციატორი თავად ვენეციის კომისია იყო. კომისიის ექსპერტებმა კანონპროექტის შესახებ მოსამართლეთა კორპუსის მოსაზრებები და შენიშვნები მოისმინა.
„ახალმა კონსტიტუციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა უფლებამოსილება, წარადგინოს კანდიდატები. ეს უფლება უნდა იყოს რეალური და არ უნდა გახდეს ფორმალური. კომისიის ექსპერტებს კონკრეტული მაგალითები მოვუყვანე, რომ შემოთავაზებები, რაც ალტერნატიულ წინადადებებშია, რეალურად ფორმალურს გახდის იუსტიციის საბჭოს საქმიანობას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში. შესაბამისად,ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება. დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს პარლამენტი, ბუნებრივია, ისე იმოქმედებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
რაც შეეხება საბჭოს არამოსამართლე წევრების კრიტიკასა და შენიშვნებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კანონპროექტზე, ლევან მურუსიძის მოსაზრებით, როგორც არამოსამართლე წევრების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთადერთი სურვილია, საბჭოს მოქმედმა შემადგენლობამ არ დაასახელოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატები, რაც მურუსიძის მოსაზრებით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
„არამოსამართლე წევრები და ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციები, საბოლოო ჯამში, საუბრობენ, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს კრიტერიუმები. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ერთი რამ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, დაასახელოს მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. მაშინ ამას კანონში კი არ დასჭირდება ცვლილება, მაშინ უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია. ამიტომ არის, რომ არასამთავრობოები და ზოგადად, ალტერნატიული კანონპროექტების ავტორები არ არიან გულწრფელები. მათ რეალურად გამოაქვთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც არ შეესაბამება კონსტიტუციას. არ აინტერესებთ კრიტერიუმები, რასაც საუბრობდნენ და რისი საბაბითაც დაიწყეს ეს სასამართლოს ლანძღვა-გინების კამპანია, აინტერესებთ ერთი რამ, რომ ყველანაირი ცვლილება განხორციელდეს კანონში, რითაც იუსტიციის საბჭოს ჩამოართმევენ უფლებას,წარადგინოს კანდიდატები“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
რაც შეეხება მის მოლოდინს, ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, ლევან მურუსიძის თქმით, კომისია ყოველთვის ობიექტურობით გამოირჩევა.
„არ ვიცი, ვერაფერს მოგახსენებთ შთაბეჭდილებებთან დაკავშირებით. ვენეციის კომისია ზოგადად ისმენს საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშის პოზიციას, ვისაც შეიძლება, რაიმე აზრის ჰქონდეს სასამართლოსთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ვენეციის კომისია ყოველთვის გამოირჩევა ობიექტურობით. დაველოდოთ“, – განაცხადა მურუსიძემ.
ლევან მუსუსიძის განცხადებით, ვენეციის კომისიას ჰქონდა დასკვნა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა არ უნდა იყოს პარლამენტის საქმე. მისი თქმით, მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა დანიშნოს.
მურუსიძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეების არჩევის უფლება რომ ჩამოერთვას.
„მივიღეთ მდგომაროება, როცა საბჭოსთვის იმის აკრძალვაც უნდათ, რომ კანდიდატებიც წარადგინოს. ერთ-ერთი პოზიცია არის ის, რომ წარვადგინოთ იმაზე მეტი კანდიდატი, ვიდრე ვაკანსიაა. იუსტიციის საბჭომ რა გააკეთოს ამ 18 ვაკანსიაზე, არ გამოაცხადოს არანაირი კონკურსი, პირდაპირ კანცელარიის როლი შეასრულოს და პარლამენტს გადაუგზავნოს? სად არის საბჭოსთვის კონსტიტუციით მონიჭებული ის უფლება, რომ ჩაატაროს კონკურსი, გაესაუბროს კანდიდატებს და თავისი ნებისა და მიზანშეწონილობის შესაბამისად წარადგინოს კანდიდატები. კარგია, რომ ღია იქნება ეს პროცესი, შეხედავს საზოგადოება, ვინ როგორ გამოვა, ვის რა პოზიცია ექნება. პარლამენტშიც იქნება ღია განხილვები. შეკითხვებს უპასუხებენ კანდიდატები და საზოგადოებას მიეცემა იმის საშუალება, დაინახოს ვინ ვინ არის“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.