მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

“ხალხის შეეშინდათ, ეს არის დიდი გამარჯვება”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით ორთვიან შინაპატიმრობას ითხოვდა.

პროცესს მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. სხდომის პარალალელურად, სასამართლოს შენობასთან „ახალი ძალების მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი 8 დეკემბერს დააკავეს. მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში მოხდა.