მოსამართლეები 24 მარტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან თევზაძის შემცვლელს აირჩევენ
მოსამართლეები 24 მარტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან თევზაძის შემცვლელს აირჩევენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 24 მარტს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, სადაც აირჩევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ადმინისტრაციული კომიტეტის ახალ წევრს.
ამ თანამდებობას მოსამართლე ლევან თევზაძე იკავებს, თუმცა იმის გამო, რომ ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ დაინიშნა, მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.
კონფერენციაზე საბჭოს ახალი წევრობისთვის კანდიდატის დასახელების უფლება ნებისმიერ მოსამართლეს აქვს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, პირს, რომელსაც უკავია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრის ან სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა და კენჭს იყრის იმ წევრის თანამდებობაზე, რომელსაც არ აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე ზემოთ აღნიშნული თანამდებობა, საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში უწყდება საბჭოს წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელ თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილება.