მოსამართლე რომან ხორავა - სიბნელე, სიველურე და სირცხვილი - ეს არის იმ ქმედებების შეფასება, რაც 5 ივლისს ხდებოდა
5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა. ამასთან, მან 5 ივლისს მომხდარი მოვლენები დაგმო და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს სახელით მიიღო.
„ეს ყველაფერი სრული სიბნელე, სიველურე და სირცხვილია. აი, ეს არის იმ ქმედებების შეფასება, რაც იქ ხდებოდა. გადაწყვეტილებას ვიღებ საქართველოს სახელით. თქვენი ქმედებები არის უაღრესად საფრთხის შემცველი, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, მაღალი საფრთხე და რისკია ახალი დანაშაულის ჩადენის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს და პროკურატურის შუამდგომლობას ვაკმაყოფილებ“, – განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ სხდომაზე.