მოსამართლე ლილი მსხილაძის აზრით, უვადო მოსამართლედ გამწესებას იმსახურებს
2004 წლიდან იყო ჩარევა ჩემს სამოსამართლეო საქმიანობაში და დღეს ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ უვადოდ გამწესების მსურველმა კანდიდატმა ლილი მსხილაძემ განაცხადა კითხვაზე, თუ როდის იყო მის სამოსამართლეო საქმიანობაში ჩარევა. მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ამასთან, ლილი მსხილაძეს მიაჩნია, რომ ის არის ისეთი კანდიდატი, ვისზეც საბჭომ არჩევანი უნდა გააკეთოს.
„2004 წლიდან იყო ჩარევა და დღეს ჩარევა ნამდვილად არ არის. ხოლო, თუ ვისი მხრიდან იყო, ამასთან დაკავშირებით ვეღარ გაგცემთ პასუხს, რადგან დღეს მე მოსამართლე ვარ. შესაბამისად, მაქვს გარკვეული ეთიკის ნორმების დაცვის ვალდებულება. ამ ეტაპზე, არაფერს ვადასტურებ და არც არაფერს უარვყოფ. საბჭოს წევრებთან რაზეც ვისაუბრე, ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა მსხილაძემ.
რას შეეხება გასაუბრების პროცესს, ლილი მსხილაძის განმარტებით, გასაუბრების პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მისივე თქმით, საბჭოს ყველა წევრს მიეცა შესაძლებლობა, კითხვები დაესვა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება დღეს 11:00 საათიდან დაიწყო. საბჭო სულ 51 კანდიდატს სამი დღის (6, 7, 8 თებერვალი) განმავლობაში გაესაუბრება.
უვადოდ გამწესების მსურველთა შორის არიან დღეს მოქმედი საბჭოს წევრები: რეზო ნადარაია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა და ირაკლი ბონდარენკო, რომელიც ამ დრომდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოღვაწეობს.