მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე - გვარამიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით პასუხი მიიღეს ადამიანებმა, რომლებსაც ჩემს გადაწყვეტილებაზე კითხვები ჰქონდათ
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო, მისთვის ბევრი რამის დადასტურებაა.
ლაშა ჩხიკვაძის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით გარკვეულწილად პასუხი მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც საქმესთან დაკავშირებით მის მიერ გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმებოდნენ.
„ვფიქრობ, პოლიტიკური განცხადება არ გამომივიდეს, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით რაც თქვა, ეს ჩემთვის ბევრი რამის დადასტურებაა. დანარჩენი გემოვნების საკითხია, ვინ როგორ შეაფასებს ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ეყოლება მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. საქმეზე მიღებულ საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მე არ მქონდა, თუმცა ბევრმა, ვისაც კითხვები ჰქონდა, ალბათ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გარკვეულწილად პასუხი მიიღო შეკითხვებზე“, – განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.
კითხვაზე, წარსულში სხვა რაიმე საქმეც ხომ არ გაგზავნილა სტრასბურგში, რომელზეც მას ჰქონდა გამოტანილი განაჩენი და ევროპულ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დაუდასტურებია, ლაშა ჩხიკვაძემ აღნიშნა:
„კი, ყოფილა სხვა შემთხვევებიც. შესაბამისად, იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რაც ჩემგან იქნა მიღებული, სტრასბურგიდან რაიმე შენიშვნები არ მოსულა. მჯერა, რომ არა მარტო ჩემი გადაწყვეტილებები, ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებებიც გამომდინარეობს კონსტიტუციიდან, კანონებიდან და, შესაბამისად, კანონშესაბამისია“, – განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.
რაც შეეხება ე.წ. ვეტინგს, ამ საკითხის კომენტირებისას ლაშა ჩხიკვაძემ აღნიშნა, რომ ჯერ ბოლომდე გააზრებულიც არ არის, რა არის „ვეტინგი“ და რა ფორმით უნდა განხორციელდეს.
„სიღრმეებში ვერ შევალ „ვეტინგის“ თემასთან დაკავშირებით. ჯერ ბოლომდე გააზრებულიც არ არის, რა არის „ვეტინგი“ და რა ფორმით, როგორ უნდა განხორციელდეს. ვფიქრობ, ბოლომდე არავის აქვს წარმოდგენა ამის შესახებ, ამიტომ წინასწარ რაიმე დასკვნების ან კომენტარის გაკეთება ჩემგან სწორი არ იქნება“, – აღნიშნა ლაშა ჩხიკვაძემ.
სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო.
ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.