ძლიერი მიწისძვრის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო, ალბანეთში ორი ჟურნალისტი დააკავეს
ძლიერი მიწისძვრის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით მოსახლეობაში პანიკის გამოწვევის გამო, ალბანეთში ორი ჟურნალისტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა „ბალკან ინსაითი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, დაკავებულები ვებგვერდ „სირი.ნეტის“ თანამშრომელი აურელ რაკიპლარი და გაზეთ „შეკულის“ თანამშრომელი დანიელა გრიცა არიან.
შაბათს ალბანეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ზოგიერთმა მედიასაშუალებებმა ბერძენ სეისმოლოგზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 22 სექტემბერს ძლიერი მიწისძვრა იყო მოსალოდნელი. აღნიშნული ცნობის გავრცელების შემდეგ ტირანაში უამრავმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა, რამაც დედაქალაქის ავტომაგისტრალზე საცობი შექმნა.
როგორც ოპოზიციური გამოცემა „სირი. ნეტის“ რედაქციაში აღნიშნავენ, მათი ჟურნალისტის დაკავება მედიასაშუალების დახურვის მცდელობაა.
„ამბავი, რომელშიც მოქალაქეებს ბერძენი სეისმოლოგის განცხადების საფუძველზე გარეთ ყოფნას ურჩევდნენ პრემიერ-მინისტრ ედი რამას მიერ გამოყენებულია როგორც გამართლება მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკული პორტალის დასახურად“, – გამოცემის განცხადებაში.
ალბანეთში 21 სექტემბერს მომხდარი 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა.