ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მამაკაცებს შორის ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის მედლები გათამაშდა.
მოკლე პროგრამის შემდეგ, პირველ 24 სპორტსმენს შორის მოხვდნენ და თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლება მოიპოვეს ქართველებმა – ირაკლი მაისურაძემ და მორის ყვითელაშვილმა. ამჯერად, მათ უფრო უკეთ იასპარეზეს და რამდენიმე ადგილით ზემოთ აწევა მოახერხეს.
მაისურაძემ, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ 24-ე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში ორ მეტოქეს აჯობა და საბოლოოდ 23-ე ადგილი დაიკავა. შარშანდელთან შედარებით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე ირაკლი მე-17 ადგილზე იყო. მაისურაძემ თავისუფალ პროგრამაში 113.54 ქულა დაიმსახურა და ორი ცდის ჯამში 174.43 ქულა დააგროვა.
რაც შეეხება ყვითელაშვილს, ვერც მან მოახერხა ევროპის ჩემპიონატებზე თავის საუკეთესო შედეგამდე (მეექვე ადგილი 2017 წელს) მიღწევა, თუმცა მოკლე პროგრამაში მოპოვებული მე-15 ადგილის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ლიდერმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია: თავისუფალ პროგრამაში 146.75 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა, ორი ცდის ჯამში 219.79 ქულით კი ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა.
ბოლო ექვსი ჩემპიონატის გამარჯვებული, ლეგენდარული ესპანელი ხავიერ ფერნანდესი, მეშვიდედ გახდა კონტინენტის საუკეთესო მოციგურავე. მეორე ადგილზე რუსი ალექსანდრ სამარინი გავიდა, მესამეზე იტალიელი მატეო რიცო, რომელმაც ნამდვილი სენსაცია მოახდინა – მოკლე პროგრამაში დაკავებული მეათე ადგილის შემდეგ შეძლო ბრინჯაოს მოპოვება.