მორიგი დოპინგ-სკანდალი - რუსეთს ოლიმპიადის ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო ჩამოართვეს
მორიგი დოპინგ-სკანდალი - რუსეთს ოლიმპიადის ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო ჩამოართვეს

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუსი ბიატლონისტი ევგენი უსტიუგოვი დამნაშავედ გამოაცხადა ანტისადოპინგო წესების დარღვევაში და სამი ოლიმპიური მედალი ჩამოართვა – ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო. აწ უკვე ყოფილ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს სასჯელი გამოუტანეს ბიოლოგიური პასპორტის მონაცემებით, რომელშიც არა ერთხელ დაფიქსირდა ჰემოგლობინის მაღალი დონე.

უსტიუგოვი 2010 წელს, ვანკუვერის ოლიმპიადზე მასსტარტში გახდა ჩემპიონი. მაშინ მან თვით მარტენ ფურკადს აჯობა. ახლა, როცა რუსს ამ ოქროს მედალს ჩამოართმევენ, ფურკადი ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდება, ვერცხლი სლოვაკ პავოლ ჰურაიტის გადაეცემა, ბრინჯაო – ავსტრიელ კრისტოფ ზუმანს.

გარდა ამისა, კანადაში უსტიუგოვმა რუსეთის ნაკრებთან ერთად ბრინჯაო მოიგო ესტაფეტაში. ახლა, ეს ბრინჯაო შვედებს გადაეცემათ.

ოთხი წლის შემდეგ, სოჭის ოლიმპიადაზე რუსეთის მამაკაცთა ნაკრებმა ოქრო მოიპოვა ესტაფეტაში. ოთხეულში უსტიუგოვიც იყო და ახლა, მის გამო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს დაკარგავენ მისი თანაგუნდელები – ალექსეი ვოლკოვი, დმიტრი მალიშკო და ანტონ შიპულინი. სოჭის ესტაფეტის ოქროს გერმანიას გადასცემენ, ავსტრია მიიღებს ვერცხლს და ნორვეგია – ბრინჯაოს.