პეკინი 2022 | ინდივიდუალური რბოლა ქალებში 15 კმ-ზე მოულოდნელად დენიზე ჰერმანმა მოიგო #1TVSPORT
პეკინი 2022 | ინდივიდუალური რბოლა ქალებში 15 კმ-ზე მოულოდნელად დენიზე ჰერმანმა მოიგო #1TVSPORT

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბიატლონში (ქალებში) ინდივიდუალური რბოლა 15 კმ-ზე გაიმართა. შეჯიბრება ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ყველასთვის მოულოდნელად,33 წლის გერმანელი დენიზე ჰერმანის გამარჯვებით დასრულდა.

ჰერმანს დღემდე ოლიმპიადებზე ინდივიდუალურ ასპარეზობებში მედალი არ ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ იგი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანია ესტაფეტაში. გერმანელი ბიატლონისტი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონია გამოდევნებით რბოლაში. იგი 2021/2022 წლების სეზონის საერთო ჩათვლაში მხოლოდ 18-ე ადგილს იკავებს.

დღევანდელ რბოლაში მეორე ადგილზე ფრანგი ანაის შევალიე-ბუშერი გავიდა, იგი გამარჯვებულს 9.4 წამით ჩამორჩა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი წლევანდელი საერთო ჩათვლის ლიდერი, ნორვეგიელი მარტე როისელანდი გახდა (+15.3). ხვალ პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ბიატლონში თბილისის დროით 12:30 საათზე, ინდივიდუალური რბოლა კაცებში 20კმ-ზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.