მორგან ორტაგუსი - აშშ გმობს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების ძალების მხრიდან მიმდინარე „ბორდერიზაციას“
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს მიმდინარე „ბორდერიზაციას“ და რუსეთისგან საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციის დასრულებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში აზიარებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე „ბორდერიზაციის” პროცესისა და აგრეთვე, ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ.
„აშშ გმობს მიმდინარე „ბორდერიზაციას“ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების ძალების მხრიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ რუსეთისგან, დაასრულოს საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და დაუშვას საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება“, – წერს მორგან ორტაგუსი.