მორეტა ბობოხიძე - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რათა გადაგარჩინოთ ცენზურისგან, რუსეთიზაციისგან, შეძლოთ „ოფენ ეარზე“ წასვლა, ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა
არასამთავრობო ორგანიზაცია Civil right defender-ის წარმომადგნელის, „პრაიდის“ ბორდის წევრის, მორეტა ბობოხიძის განცხადებით, „ღია საზოგადოების ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ შეიძლება, გადაარჩინონ საქართველო რუსეთიზაციისგან.
„დღევანდელ შეხვედრაზე ჯერჯერობით არაფერზე ჩამოვყალიბებულვართ, ვმსჯელობთ და განვიხილავთ საკითხებს. გაგრძელდება თუ არა მსგავსი შეხვედრები, დამოკიდებულია იმაზე, როგორ წავა საქმე. აქ არ ვართ იმიტომ, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ კანონზე ვიმსჯელოთ. აქ ვარ, რათა თქვენ, ყველა გადაგარჩინოთ ცენზურისგან, რუსეთიზაციისგან და ევროპაში ვერშესვლისგან, ეს მიკროფონები რომ თავისუფლად გეჭიროთ და შეძლოთ შეკითხვების დასმა, შეძლოთ „ოფენ ეარზე“ წასვლა, ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა“, – განაცხადა მორეტა ბობოხიძემ.
კითხვაზე, „ევროპაში ისედაც დავდივართ, რას გულისხმობთ?“ – მორეტა ბობოხიძემ უპასუხა: „თქვენ გგონიათ, ეს ვინმემ გვაჩუქა? გენდერული, სოციალური თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიურობის გარეშე ეს ვინმემ გვაჩუქა? არა, ეს ასე არ ხდება“.
რაც შეეხება კითხვას, „იყო თუ არა საუბარი დონორებზე, რადგან მუხტს ვერ წევთ?“ – მორეტა ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ეს სიცრუეა.
ამასთან, მორეტა ბობოხიძის განმარტებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დეკლარაციებს წარადგენენ და შეუძლებელია, რომელიმე დონორი მუშაობდეს ანგარიშგების გარეშე.
„თქვენ გგონიათ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დეკლარაციებს არ წარადგენენ? ნებისმიერი ორგანიზაციის ვებგვერდზე შეგძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ პროექტები. აბსოლუტურად ყველგან არის მოცემული. შეუძლებელია, რომელიმე დონორი მუშაობდეს ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების გარეშე. ვერასოდეს ვერ გააკეთებ პროექტს, სადაც არაა გათვლილი მიზანი, შედეგი და ფინანსური მხარდაჭერა. ამიტომ, გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ თქვენთვის შემოგდებულ ამ ნარატივს. რატომ ვიბრძოლეთ ერთი წლის წინ? რომ გვქონდეს დემოკრატიული, თავისუფალი, თანასწორუფლებიანი და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ქვეყანა, სადაც ყველას უფლება დაცულია. შესაბამისად, აქ რაიმე ფინანსურ ანგარიშგებაზე საუბარი არაა“, – განაცხადა მორეტა ბობოხიძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დაინიცირდა. ცვლილებები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა დაიწყება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდა ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა და წარდგენილია შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.