რაგბიში საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროპის საკლუბო ტურნირზე, „კონტინენტის ფარზე“ თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ექვსი კლუბი ორ სამგუნდა ჯგუფში განაწილდა.
საქართველოს ჩემპიონი „ა“ ჯგუფში იტალიურ კლუბებთან, „კალვიზანოსა” და „ფიამე ორო რომასთან” მოხვდა. ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს ორ მატჩიაან ფინალში, შინ და გარეთ შეხვდებიან. მოგებული 2019/2020 წლების „ჩელენჯ ქაფის“ საგზურს მიიღებს.
„ლოკომოტივი” პირველ მატჩში 13 ოქტომბერს ავჭალის სტადიონზე „კალვიზანოს”’ უმასპინძლებს, 8 დეკემბერს კი „ფიამე ოროს” ესტუმრება. საგულისხმოა, რომ „კონტინენტის ფარზე“ საქართველოს ჩემპიონის მონაწილეობის ფინანსური მხარე დღემდე არ არის მოგვარებული.
„ჩვენი მიზანი კონტინენტის ფარის ფინალში გასვლა და „ჩელენჯ ქაფის“ საგზურის მოპოვებაა. სულ რაღაც 200 ათასი ლარი გვინდა, ტურნირზე შეუფერხებლად რომ გამოვიდეთ. ჩვენი ქვეყნის სირცხვილი იქნება, ეს თანხა რომ არ გამოინახოს. ველოდებით თბილისის მერიისა და სამინისტროს პასუხს და იმედია, პრობლემები არ შეგვექმნება. ჩვენ კონტინენტის ფარზე მაინც ვითამაშებთ, მაგრამ ფინანსური პრობლემების მოგვარება თავიდან ბევრ დაბრკოლებას აგვარიდებს“ – ამბობს პირველ არხთან „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი, თემურ ბენდიაშვილი.
„ლოკომოტივის“ და საქართველოს ნაკრების წევრი ბექა წიკლაური დარწმუნებულია, რომ გუნდს იტალიელებთან ბრძოლა შეუძლია – “ჩვენთან ეროვნულ ნაკრების ოთხი წევრი თამაშობს, სხვა გამოცდილი და კარგი მოთამაშეები გვყავს და დარწმუნებული ვარ, ამ ბარიერის გადალახვა და „ჩელენჯ ქაფზე“ მოხვედრის უნარი შეგვწევს”.
ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, „ლოკომოტივი“ ფინალში „ბ“ ჯგუფის გამარჯვებულს 30 მარტს შინ მიიღებს, ხოლო 20 აპრილს სტუმრად შეხვდება.