ოთხი მატჩი ექვსის ნაცვლად | დიდი 10
ოთხი მატჩი ექვსის ნაცვლად | დიდი 10

მიუხედავად პრევენციის ზომებისა, COVID-19-მა ქართულ კლუბებში შეაღწია და „დიდი 10“-ის გარდამავალი ტურნირის მეორე ტურში ორი მატჩი გადაიდო.

კიკეთის „იუნკერები“ და თბილისის „ლოკომოტივი“ თვითიზოლაციაში გადავიდნენ და შეესაბამისად, პირველი რუსთავში „ხარებთან“, ხოლო მეორე თბილისში „ლელო-სარასენსთან“ ვერ ითამაშებს. დადგენილების თანახმად, ეს თამაშები გაიმართება პირველსავე უქმეებზე, როგორც კი „ფანჯარა“ იქნება.

აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრა „ა“ ჯგუფისაა და შესაბამისად, მეორე ტურში მხოლოდ ერთი მატჩიღა ჩატარდება – პატარძეულის „ვეფხვები“ თბილისის „აკადემიას“ 17 ოქტომბერს თელავში, „კავკასიონი არენაზე“ დაუხვდება.

პირველ ტურში ორივე გუნდმა შეძლო გამარჯვების მოპოვება, ოღონდ განსხვავებული სცენარით. „აკადემიამ“ გაწითლებულ დროზე „იუნკერებისგან“ ლელო გაუშვა, მაგრამ გარდასახვა მიზანს ასცდა და „მხატვრებმა“ 21:20 იმარჯვეს, ხოლო უძლიერესთა შორის დაბრუნებულმა „ვეფხვებმა“, „ლელო-სარასენსთან“ ჩამორჩენა აღმოფხვრა და დასკვნით 15 წუთში მოპოვებული 10 უპასუხო ქულით, 20:15 იმარჯვა.

„ბ“ ჯგუფი

COVID19-მა კორექტივები „ბ“ ჯგუფშიც შეიტანა. რადგან აჭარის რეგიონში სპორტული ღონისძიებების ჩატარება შეიზღუდა, „ბათუმი“ მარნეულის „არმაზს“ ფოთში დაუხვდება. სწორედ ამ მატჩით იხსნება მეორე ტური და ის 16 ოქტომბერს, 16:00 საათზე დაიწყება.

საგულისხმოა, რომ პირველ ტურში ორივე გუნდმა მარცხი ქუთაისელებისგან განიცადა. „ბათუმი“ ქუთაისში დებიუტანტ „არესს“ ეწვია და გაწითლებულ დროზე საბედისწერო ლელო-გარდასახვა გაუშვა (15:17), „არმაზმა“ კი „აია“ მიიღო და 7:19 დამარცხდა.

ჯგუფის კიდევ ორ შეხვედრას 17 და 18 ოქტომბერს ქუთაისი უმასპინძლებს. 17-ში, 18:00 საათზე ტურის ცენტრალური მატჩია. ერთმანეთს ორი უძველესი გუნდი, „აია“ და ბოლნისის „ყოჩები“ შეხვდებიან. ჩემპიონატს ეს გუნდები სხვებზე უკეთეს ფორმაში შეხვდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა – ქუთაისელებმა თბილისში „არმაზი“ დაამარცხეს, ხოლო „ყოჩები“ გახდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც პირველ ტურში გამარჯვებასთან ერთად ბონუსიც მოიპოვა – გორის „ჯიქს“ შვიდი ლელო გაუტანა და 44:7 სძლია.

18-ში, 16:00 საათზე „არესი“ სწორედ „ჯიქს“ მასპინძლობს. დებიუტანტებმა პირველ ტურში ჩემპიონი დაამარცხეს და კარგ განწყობაზე არიან, თუმცა ფავორიტად მაინც მეტი გამოცდილების მქონე „ჯიქს“ მიიჩნევენ. გორელებმა პირველ ტურში ყველაზე მეტი ლელო და ქულა გაუშვეს და ახლა დებიუტანტთან ეცდებიან რეპუტაციის აღდგენას.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი