საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე - თანადგომა და ფინანსური დახმარება აღგვითქვეს
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე - თანადგომა და ფინანსური დახმარება აღგვითქვეს

საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ) გამგეობის თავმჯდომარე გოჩა მაჭავარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქართულ რაგბიში განვითარებულ მოვლენებზე, „დიდი 10“-ის განახლებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 20 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის  გამგეობის სხდომა, რომელზეც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს კავშირის ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე გოგებაშვილი.

„ამ პერიოდის განმავლობაში ბატონი თორნიკე, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად – რაგბის კავშირთან ერთად, უხელმძღვანელებს დღევანდელ მდგომარეობას. ოქტომბრის პირველი კვირიდან განახლდება ჩემპიონატი – ახალი ფორმატით, რომელიც იქნება ერთწლიანი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდები არ იყვნენ თანაბარ მდგომარეობაში, მათ მაინც მოახერხეს გაერთიანება და ფორმატის შესახებ შეთანხმება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

გამგეობის გადაწყვეტილებით, 2020-2021 წლების სეზონში „დიდ 10“-ს ორი კლუბი დაემატება და ელიტაში 12 გუნდი ითამაშებს. ტურნირზე წელს მონაწილე გუნდებს პირველი ლიგიდან დაემატა ორი მოწინავე – ქუთაისის „არესი“ და პატარძეულის „ვეფხვები“. ამდენივე კლუბი იასპარეზებს საქართველოს პირველ ლიგაშიც.

სრკ-ს გამგეობის თავმჯდომარემ საკლუბო სეზონის განახლებაზე, ფინანსურ კრიზისზე და სამომავლო „დიდი 12“-ის შესახებაც ისაუბრა:

„კლუბები შეიკრიბნენ და ასე ერთობლივად, მთელმა რაგბის სამყარომ, შევიმუშავეთ ფინანსური კონცენფცია. შევხვდით პრემიერს და იქიდან ძალიან კმაყოფილები გამოვედით. რა თქმა უნდა, ამ რთულ პერიოდში, აღგვითქვეს თანადგომა და ფინანსური დახმარება, რომ შიდა ჩემპიონატი და სანაკრებო ტესტები ჩავატაროთ.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კი 2020 წლის დეკებერშია ჩანიშნული.