ტაიმაუტი | ნიაზ მამრიკიშვილი - სიახლეების ხარჯზე, შიდა ჩემპიონატი უფრო საინტერესო გახდება #1TVSPORT
ტაიმაუტი | ნიაზ მამრიკიშვილი - სიახლეების ხარჯზე, შიდა ჩემპიონატი უფრო საინტერესო გახდება #1TVSPORT

დღეს, 23 სექტემბერს საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტაიმაუტი“, რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავჯდომარე, ნიაზ მამრიკიშვილი იყო მიწვეული, რომელმაც დიდი 10-ის ახალი სეზონის შესახებ ისაუბრა.

ტაიმაუტის“ სტუმარმა გადაცემაში განაცხადა, რომ ჩემპიონატები კვლავ ძველი ფორმატით ჩატარდება.

„დიდი 10-იც და პირველი ლიგაც ისევ იმ 10-გუნდიან ფორმატს დაუბრუნდა. პირველ ლიგაში მცირე დანამატი იქნება – ოთხგუნდიანი პლეიოფები გაიმართება, სადაც დიდ 10-ში დაწინაურებული გუნდების ვინაობა გაირკვევა. რაც შეეხება დიდ 10-ს, აქ ტრადიციულად გაიმართება პლეიოფი. ყველაფერი უბრუნდება იმ რეჟიმს, რომელზეც ვიყავით.“

ნიაზ მამრიკიშვილმა სხვადასხვა სიახლის შესახებ ილაპარაკა, მათ შორის სამედიცინოზეც.

„ექიმთან და სამედიცინო სიახლეებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. თუ თამაშში ვინმე ტრავმას იღებდა, უნდა გამოგეძახა სასწრაფო დახმარების მანქანა, რასაც ახლდა პრობლემები. ახალი სეზონიდან ყველა მატჩზე იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სპეციალურად სარაგბო მიმართულებით მომზადებული ექიმი და საჭიროების შემთხვევაში დახმარება მოხდება მომენტალურად. ეს ინერგება არამარტო დიდ 10-ში, არამედ მთელს ჩემპიონატში.“

რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავჯდომარემ სხვა საინტერესო სიახლეებზეც ილაპარაკა. მათ შორის კი გაამახვილა ახალ წესებზე, რომელსაც მსოფლიო რაგბიც ნერგავს.

„ამ მიმართულებით ნაბიჯი უკვე გადადგმულია. მსაჯებისთვის ეს გარკვეული სიახლე იყო, შესაბამისად მათაც სჭირდებათ შეგუება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ასე მარტივად არ ინერგება, მაგრამ ძალიან საინტერესოა. დაბალი სათამაშო რიტმი ჩვენი გუნდების ერთ-ერთი ნაკლი იყო, ამ მიმართულებითაც გარკვეული სიახლეები იქნება წლევანდელ გათამაშებაში, რაც პირველ რიგში დაინერგება დიდ 10-ში და იანვრამდე მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება. იმ შემთხვევაში თუ ამ ყველაფერმა გაამართლა და სათამაშო ტემპი გაიზარდა, დაინერგება პირველ და რეგიონალურ ლიგაშიც. კონკრეტულად – შერკინება 22-მეტრიანის გარეთ ორზე მეტჯერ არ დაინიშნება, მსაჯი იძულებული იქნება, რომ თუ პირველი შერკინება ჩაიშალა და მეორეში შედეგი ვერ მიიღო, მიიღოს მკვეთრი გადაწყვეტილებები. ჩვენთან ხუთჯერ და ექვსჯერაც ყოფილა შერკინება, რაც აგდებს თამაშის ტემპს. ასევე, დერეფანში მისვლისა და მომზადებისათვის გამოყოფილი არის ნახევარი წუთი, თუ გუნდი გადააცილებს ლიმიტირებულ დროს, მაშინ მის საწინააღმდეგოდ დაინიშნება თავისუფალი დარტყმა. ვფიქრობთ, რომ ამ სიახლეების ხარჯზე შიდა ჩემპიონატიც უფრო საინტერესო გახდება და უფრო მაღალ ტემპში იქნება თამაშები.“

მან გადაცემაში „შავ ლომზეც“ ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ეს არის მშვენიერი პლაცდარმი შემდეგ უკვე მაღალ დონეზე სათამაშოდ.

„შავი ლომის“ შექმნა არის ქართულ სარაგბო ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი. არც თუ ისე იშვიათად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ უფრო მაღალი რანგის ტურნირებზე აგვეღო სტარტი. ჩემი აზრით, ეს არის იდეალური ვერსია, საიდანაც უნდა დაგვეწყო ფრანჩიზათი მოღვაწეობა. ნაკრებში ბევრი მოთამაშე იყო ისეთი, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდათ, რაც მათ მუდმივად სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ეს ტურნირი არის იდეალური ვერსია იმისათვის, რომ ის მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ უახლოეს მომავალში გადაბარგდნენ ნაკრებში, მშვენიერი პლაცდარმი გაუჩნდეთ მაღალ დონეზე სათამაშოდ.“

ნიაზ მამრიკიშვილმა „ტაიმაუტშიკორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა.

წინასასეზონო სამუშაოები მაქსიმალურად წარმატებით ჩატარდა, რადგან კაცთა გუნდებში, როცა სტატისტიკას გადავხედეთ 65-დან 70 პროცენტამდე აცრილი მოთამაშეები არიან. წლევანდელი ჩემპიონატი 2 კვირით ადრე უნდა დაგვეწყო, მაგრამ პანდემიის გამო აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში. იმ პრევენციული ზომების ხარჯზე, რომლებიც უკვე მივიღეთ, იმედი გვაქვს, რომ წლევანდელ ჩემპიონატს უფრო წარმატებით ჩავატარებთ, ვიდრე შარშანდელს.“

შეგახსენებთ, რომ დიდი 10 ხვალ, 24 სექტემბერს ახალი სეზონით დაგვიბრუნდება.