ტაიმაუტი | მერაბ შარიქაძე - „შავ ლომს“ შეუძლია რაგბი ევროპის სუპერთასის ფავორიტად იქცეს #1TVSPORT
ტაიმაუტი | მერაბ შარიქაძე - „შავ ლომს“ შეუძლია რაგბი ევროპის სუპერთასის ფავორიტად იქცეს #1TVSPORT

რაგბის საერთაშორისო ორგანიზაციამ დააარსა ახალი საკლუბო ტურნირი „რაგბი ევროპის სუპერთასი“, რომელზეც პირველი ქართული ფრანჩაიზი „შავი ლომი“ ითამაშებს. გუნდს მერაბ შარიქაძე უკაპიტნებს, რომელიც პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი იყო.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ითამაშებენ: შავი ლომი (საქართველო), ენისეი (რუსეთი), ლოკომოტივი პენზა (რუსეთი), თელავივ ჰითი (ისრაელი);

დასავლეთ კონფერენციაში: ბრიუსელს დევილსი (ბელგია), დელტა (ნიდერლანდები), ლუსიტანოს XV (პორტუგალია), იბერიანსი (ესპანეთი).

„ევროპის სუპერთასის გათამაშება კარგი სტარტი იქნება „შავი ლომისთვის“, რომელიც პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზია ჩვენს ისტორიაში. თავიდანვე ძლიერ ევროტურნირზე მოხვედრას სჯობდა იქ გვეთამაშა, სადაც შედეგის ჩვენება შეგვიძლია. მართალია, არიან ძლიერი გუნდები, მაგრამ „შავ ლომს“ შეუძლია შეჯიბრების ფავორიტად იქცეს,“ – აღნიშნა მერაბ შარიქაძემ.

გუნდში ძირითადად საქართველოს ჩემპიონატის მორაგბეები ითამაშებენ. მერაბ შარიქაძის თქმით ისინი ფრენჩაიზთან ვარჯიშით დიდ გამოცდილებას მიიღებენ და მალე ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილავთ.

„მორაგბეებს, ვისაც აქამდე საერთაშორისო თამაშის გამოცდილება არ აქვთ, პირველად უწევთ უმაღლესი დონის სავარჯიშო პროცესში ჩართვა. თავიდან გაუჭირდათ, თუმცა დატვირთვებს მალე შეეგუენ და დარწმუნებული ვარ ძალიან მოუმატებენ“.

„შავ ლომს“ ლევან მაისაშვილი წვრთნის, რომელიც კორონავირუსის დამარცხების შემდეგ სამხრეთ აფრიკიდან საქართველოში დაბრუნდა და რეაბილიტაციას აბასთუმანში გადის.

„სავარჯიშო პროცესში გუნდი ვიდეოგანხილვისთვის დარბაზში შეიკრიბა. მოულოდნელად ლევან მაისაშვილი შემოვიდა, რომელიც ძალიან სწრაფად გადის რეაბილიტაციას. სამხრეთაფრიკელი ექიმების გაწერით აღდგენის პროცესი სამ თვეს უნდა გაგრძელდეს, თუმცა ლევან მაისაშვილი იმდენად სწრაფად იღდგენს ძალებს, შესაძლოა, ნოემბრის მატჩებსას ჩვენთან იყოს“.

შეგახსენებთ, რომ „შავი ლომი“ პირველ მატჩს 16 ნოემბერს თელ-ავივის „ჰიტთან“ გამართავს.