ტაიმაუტი | მერაბ შარიქაძე - ფრანჩიზა არის იდეალური პლაცდარმი იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც ნაკრებში ვერ ხვდებიან, მაგრამ აქვთ პოტენციალი #1TVSPORT
ტაიმაუტი | მერაბ შარიქაძე - ფრანჩიზა არის იდეალური პლაცდარმი იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც ნაკრებში ვერ ხვდებიან, მაგრამ აქვთ პოტენციალი #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ დღეს, 18 მაისს „ბორჯღალოსნების“ კაპიტანი მერაბ შარიქაძე იყო მიწვეული, სადაც მან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. შარიქაძემ დიდი ყურადღება გაამახვილა ფრანჩიზაზე, რომელიც, დიდი ალბათობით, საქართველოში გაკეთდება.

ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა მის ფიზიკურ ფორმასა და მომავალზე ილაპარაკა.

„რამდენიმე კლუბისთვის უარის თქმა მომიწია, რადგან ნაკრებს უშლიდა ხელს. ჯერჯერობით, 100%-ით დადასტურებული არ არის, მაგრამ ინფორმაცია მაქვს, რომ ფრანჩიზა კეთდება და სავარაუდოდ, მეც მისი მოთამაშე ვიქნები. რაც შეეხება ფორმის შენარჩუნებას, ჩვენი ნაკრების ფიზმომზადების ჯგუფი ძალიან კარგად ზრუნავს ამაზე და ვინც მათთან ვვარჯიშობთ უკეთეს ფორმაშიც ვართ.“

შარიქაძემ აღნიშნა, რომ მომავალში ამ გუნდმა უფრო ძლიერ ჩემპიონატებში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

„გააჩნია ფრანჩიზის ხარისხს. მესმის, რომ ჯერჯერობით ეს ახალი ამბავია და რთულია პირდაპირ ტოპ-ლიგაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სამომავლოდ თუ გვექნება შანსი, რომ უფრო ძლიერ ჩემპიონატებში მივიღოთ მონაწილეობა და უფრო რეგულარული სახე ჰქონდეს ამას, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი არ დააყოვნებს და ყველასთვის სასიამოვნო იქნება, თუმცა პირველ რიგში, მენეჯმენტის კუთხით, ეს ძალიან რთული და კომპლექსური საკითხია, რასაც ბევრი მუშაობა სჭირდება და საბედნიეროდ ეს სამუშაოები ხორციელდება.“

„ბორჯღალოსანთა“ კაპიტნის აზრით, ფრანჩიზა იდეალური საშუალება იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც რაღაც ეტაპზე ნაკრებში ვერ ხვდებიან, მაგრამ აქვთ განვითარების პოტენციალი.

„შიდა ჩემპიონატის გაჩერებას არავინ აპირებს. ფრანჩიზა არის იდეალური პლაცდარმი იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც რაღაც ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში ვერ ხვდებიან, თუმცა აქვთ პოტენციალი და სჭირდებათ განვითარება, რომ უკეთესი მორაგბეები გახდნენ. ფრანჩიზა კი არის იდეალური საშუალება, რომ ეს პროცესი მოხდეს მოთამაშეებში.“

დატოვე კომენტარი