დიდი 10 | 17 წლის შემდეგ ფინალი „დინამოზე“ ბრუნდება #1TVSPORT
დიდი 10 | 17 წლის შემდეგ ფინალი „დინამოზე“ ბრუნდება #1TVSPORT

17 წლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატის (დიდი 10) გადამწყვეტი შეხვედრა ქვეყნის მთავარ არენაზე, „დინამოზე“ ბრუნდება.

ჩემპიონის ტიტულისთვის 5 ივნისს „ბათუმი“ ბოლნისის „ყოჩებს“ ერკინება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია (ბილეთები შეგიძლიათ შეიძინეთ აქ: www.tkt.ge/rugby).

„დინამო არენას“ სარაგბო ჩემპიონატის დასკვნითი მატჩისთვის აქამდე 4-ჯერ უმასპინძლია – 2000, 2001, 2004 და 2005 წლებში. საგულისხმოა, რომ მომავალ ფინალისტებს ამ სტადიონზე თითოჯერ უთამაშიათ, თუმცა თასი ვერც ერთმა შემართა. 2000 წელს „ყოჩები“ „ლოკომოტივთა“ მეტი გატანილი ლელოს წესის გამო დამარცხდა (28:28), ხოლო 2001 წელს ბათუმის „დათვებს“ იმავე „ლოკომოტივმა“ 24:17 მოუგო.

ისტორიის განმავლობაში „ბათუმსა“ და „ყოჩებს“ საქართველოს ჩემპიონატი 3-3-ჯერ აქვთ მოგებული. ზღვისპირელებმა თასი 1998, 2002 და 2019 წლებში მოიგეს, „ყოჩებმა“ კი 1997, 1998 და 2007 წლებში. „ყოჩებს“ 2007 წლის შემდეგ ფინალში არ უთამაშია, „ბათუმი“ კი წლის უმთავრეს მატჩში შარშანაც გავიდა, მაგრამ ქუთაისში „აიასთან“13:16 დამარცხდა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, რეგულარული გათამაშება „ბათუმმა“ პირველ, ხოლო „ყოჩებმა“ მეორე ადგილზე დაასრულა. მიმდინარე სეზონში „ბათუმი“ ერთადერთხელ დამარცხდა და მას სწორედ „ყოჩებმა“, 2021 წლის 7 ნოემბერს ბათუმში აჯობა – 26:20. ბოლნისელები მეორე თამაშსაც იგებდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს დაშვებული შეცდომა გაშვებულ ლელოდ და მარცხად დაუჯდათ – 34:38.

რეგლამენტის თანახმად, ორმა მოწინავე გუნდმა ფლეი ოფის მეორე ეტაპზე შესარჩევი ფინალი ბათუმში ითამაშა. 70 წუთი კაცნაკლულად მოთამაშე „ყოჩებმა“ მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ მასპინძლებმა 16:7 მოიგეს და 21 მაისის შემდეგ ფინალში თამაშის უფლება გაინაღდეს. „ყოჩებმა“  წინასწარ ფინალში „რაგბი პლატოზე“ რუსთავის „ხარები“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 33:32 გაიმარჯვა, რითაც ფინალის საგზური 15 წლის შემდეგ, ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა.

წყარო – რაგბის კავშირი