დიდი 10-ის ფინალს ქუთაისი უმასპინძლებს #1TVSPORT
დიდი 10-ის ფინალს ქუთაისი უმასპინძლებს #1TVSPORT

30 წლის შემდეგ, საქართველოს უმაღლესი ლიგის, დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში, „აია არენაზე“ ჩატარდება.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ფინალური შეხვედრა ერთადერთხელ, 1991 წელს გაიმართა და „ლოკომოტივის“ 11:6 ძლევით, მასპინძელმა „აიამ“ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.

დიდი ფინალი „აია არენაზე“ 5 ივნისს გაიმართება. დიდ ფინალზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებული ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ფინალამდე ფლეი-ოფის ორი ტურია

22 მაისს საჩემპიონო ბრძოლაში ოთხი გუნდი ჩაებმება და ორივე თამაში თბილისში გაიმართება. „აკადემია“, რომელმაც რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა, მეექვსეადგილოსან „ლოკომოტივს“ „რაგბი პლატოზე“ 16 საათზე მასპინძლობს, ხოლო მეოთხეადგილოსანი „იუნკერებისა“ „ყოჩების“ შეხვედრა (მე-5 ადგილი რეგულარულში) 18:45 საათზე „ავჭალაზე“ გაიმართება.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ ქუთაისელებმა გადამწყვეტი მატჩის მასპინძლობის უფლება ყოველმხრივ დაიმსახურეს:

„გამგეობის გადაწყვეტილებით, ფინალური მატჩი იმ გუნდის სტადიონზე ტარდება, რომელიც რეგულარულ პირველობას მოიგებს და ამ შემთხვევაში ეს გუნდი ქუთაისის „აიაა“. ესეც რომ არა, ქუთაისს მნიშვნელოვანი სარაგბო დანიშნულება აქვს და მათ დაიმსახურეს ფინალის მასპინძლობა. ბოლო წლებში იქ არაერთი მნიშვნელოვანი თამაში ჩავატარეთ – 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, ბორჯღალოსნების შეხვედრები და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ფინალიც ეკუთვნოდა, მით უმეტეს, რომ ეს თამაშითაც დაიმსახურეს“.

„ვულოცავ ქუთაისს ამ გადაწყვეტილებას. ქუთაისელებმა განსაკუთრებული გულშემატკივრობა იციან და თუ „აია“ გავიდა ფინალში, დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული სარაგბო ზეიმი გველოდება“.

საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ნიაზ მამრიკიშვილი ყურადღებას იმ სირთულეებზე ამახვილებს, რაც გაურკვევლობამ და პანდემიამ შექმნა. ის იმედოვნებს, რომ კოვიდ-ვირუსი ფლეი ოფების მსვლელობაში არ ჩაერევა:

„ჩემი გადასახედიდან, პირველი ექვსი ადგილი სწორედ ისე განაწილდა, როგორი ძალთა თანაფარდობაც არსებობდა. ვინ რა დამალა ფლეი ოფისთვის და რა სიახლეებს შემოგვთავაზებენ გუნდები ძნელი გამოსაცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ეტაპზე დასამალი აღარავის არაფერი ექნება. ასეთი რთული ჩემპიონატი პირადად მე არ მახსენდება. ურთულესი სიტუაციიდან გამოვედით და ეს მხოლოდ პანდემიის ბრალი არ არის. მიუხედავად ერთწლიანი გაურკვევლობისა, საშეჯიბრო კომიტეტი, განვითარების ჯგუფი და გამგეობის წევრთა ნაწილი სამუშაო რეჟიმში ვიყავით და ოპტიმიზსაც არ ვკარგავდით. გადაწყვეტილებების მიღება ფაქტობრივად ჩემპიონატის მსვლელობისას გვიწევდა. ორჯერ მოგვიწია კოვიდ-პროტოკოლის შეცვლა და სრულყოფა. ფაქტია, რომ გამოსავალი ვიპოვეთ და ფლეი ოფების ეტაპამდე მოვედით“.

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი

დატოვე კომენტარი