აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ.
პირველ ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს ხვდებოდა.
დელ პოტრომ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ნადალი მუდმივად მდევრის როლში იყო. პირველი სეტში არგენტინელი ორჯერ გავიდა წინ ბრეიკით და ესპანელმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში, მათ შორის ერთხელ მაშინ, როცა მეტოქე სეტზე აწვდიდა. საბოლოოდ, პირველი პარტიის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელშიც დელ პოტრომ 7:3 მოიგო.
მეორე სეტიდან მოყოლებული, ნადალმა მუხლის ტკივილი იგრძნო და ექიმსაც მიმართა დახმარებისთვის, მაგრამ უშედეგოდ. ამ სეტში მან ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება, ბოლო გათამაშებებს კი პრაქტიკულად სტატიკურ მდგომარეობაში ატარებდა.
მესამე სეტის სათამაშოდ ნადალი აღარ გავიდა და მიულოცა დელ პოტროს ფინალში გასვლა – 7:6(3), 6:2.
არგენტინელისთვის ეს მეორე ფინალი იქნება “დიდი სლემის” ტურნირებზე. პირველი 2009 წელს, აშშ-ის ღია პირველობაზე იყო და მაშინ დელ პოტრომ შეძლო მოგება.