მოქალაქეთა ჯგუფმა, მათ შორის ივერი მელაშვილმა და გია ბუღაძემ, სააკაშვილისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებისა და გათავისუფლების მოთხოვნით ევროკავშირის ოფისში წერილი შეიტანა
მოქალაქეთა ჯგუფმა, მათ შორის ივერი მელაშვილმა და გია ბუღაძემ, ევროკავშირის ოფისში წერილი შეიტანა მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს პოლიტპატიმრის სტატუსი და გათავისუფლდეს.
წერილის ავტორთა შეფასებით, სააკაშვილისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების თაობაზე რეზოლუციის შექმნა აუცილებელია. მათივე განცხადებით, ასევე უნდა დასანქცირდნენ კონკრეტული პირები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლიან.
„ჩვენი წერილი მადლობის სიტყვებით, გვინდა, დავიწყოთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მცირე პერიოდში ევროკავშირი და მისი მონაწილე ქვეყნები ყოველთვის უჭერდნენ მხარს საქართველოს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ იმ ღირებულებების გაზიარებაც, რასაც დემოკრატიული ქვეყნები აფასებენ. ევროკავშირის კარი ღიაა დღეს საქართველოსთვის, თუმცა დიდ ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად მნიშვნელოვანია, საქართველომ შეასრულოს კანდიდატის სტატუსისთვის დაწესებული ვალდებულებები. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის რეფორმირება, ვინაიდან საქართველოში არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. N1 პოლიტიკური პატიმარი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის პუტინის პირადი პატიმარი და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ტყვე. აღნიშნული მრავალჯერ გაჟღერდა ევროპარლამენტის სხდომაზე, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა ევროპარლამენტარებს. უკრაინული მხარე ჩართულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პროცესებში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის დასკვნაშიც არის კონკრეტული ჩანაწერები, ასევე ევროპის წამების კომიტეტის დასკვნა (CPT) დეტალურად აღწერს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უფლებების დარღვევებს. „ქართული ოცნება“ არ ასრულებს დაწესებულ ვალდებულებებს, პირიქით, ცდილობს, დაამტკიცოს „რუსული კანონი“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რაც მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენი აზრით, ამ სიტუაციიდან ყველაზე სწორი გამოსავალია, გაკეთდეს რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრის აღიარების შესახებ, დასანქცირდნენ კონკრეტული პირები, ვინც ხელს უშლიან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და გაჟღერდეს მკაფიო მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ. ამ წერილს უერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და გამოვხატავთ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს, რომელიც დღეს ქუჩაში აპროტესტებს საქართველოს რუსულ ვექტორზე გადასვლას. თქვენი თანადგომის და გულისხმიერების იმედი გვაქვს“, – აღნიშნულია წერილში.