მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც „ფეისბუქით“ მოქალაქეებს საყოფაცხოვრებო ნივთების გამოწერას ჰპირდებოდა
მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც „ფეისბუქით“ მოქალაქეებს საყოფაცხოვრებო ნივთების გამოწერას ჰპირდებოდა

საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შექმნილი გვერდის გამოყენებით მოქალაქეებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩინეთიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯის და ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას დაჰპირდა. თუმცა ნივთების გამოწერა არ უზრუნველყო და 14 მოქალაქის კუთვნილ 149 259 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 მარტს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით, რის შემდგომაც, შესაძლოა, დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდოს.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.