მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, შესაბამისი ცნობა აიღონ და ჯარიმა აღარ დაეკისრებათ
საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, შესაბამისი ცნობა აიღონ და მათ ჯარიმა აღარ დაეკისრებათ. ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს წარადგენს.
ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ცენტრები უკვე გაფრთხილებულები არიან, მოქალაქეებს მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი ცნობა მისცენ, თავის მხრივ კი, მოქალაქეებმა აღნიშნული ცნობა თან უნდა იქონიონ, საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ და ისინი 20 ლარით აღარ დაჯარიმდებიან.
პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტში ამ წუთებში მსჯელობენ. დეპუტატები საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.
კანონპროექტის განხილვას არ ესწრებიან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები.
ცვლილებების გათვალისწინებით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები 500 ლარით. 20 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტაქსის შემთხვევაშიც.