მოქალაქეებს, რომელთა ავტომობილებიც საჯარიმო სადგომზე 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გადაიყვანეს, 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ, არსებული დავალიანება სრულად ჩამოეჭრებათ
მოქალაქეებს, რომელთა ავტომობილებიც საჯარიმო სადგომზე 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გადაიყვანეს, ასი ლარის გადახდის შემდეგ, დაგროვებული დავალიანება სრულად ჩამოეჭრებათ. ამის შესახებ „112“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც „112“-ში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება შეეხებათ იმ პირებსაც, რომელთა ავტომობილებიც კანონის ამოქმედების დროს სადგომზე იქნებიან განთავსებულნი.
„100 ლარის გადახდის სანაცვლოდ, „112“-ის სადგომზე გადმოყვანისა და დგომის საფასურის გადახდისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომლის სატრანსპორტო საშუალებაც სადგომზე გადმოყვანილ იქნა 2020 წლის 1 სექტემბრამდე, კანონის ამოქმედების მომენტისთვისაც სადგომზეა განთავსებული და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემულია ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის ნებართვა. აღნიშნული შეღავათით სარგებლობა უფლებამოსილ პირებს კანონის ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში შეეძლებათ. 2021 წლის 14 სექტემბრამდე. მესაკუთრემ უნდა წარმოადგინოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვა, რომელიც დაადასტურებს რომ კონკრეტულ შემთხვევაში დასრულებულია ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება. მოქალაქემ ნებართვის მისაღებად უნდა მიმართოს საპატრულო პოლიციის ერთიან მომსახურების ცენტრს“, – აცხადებენ „112-“ში.
ამასთან, კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზეც, რომელთა წინააღმდეგ მიმდინარეობს ან დასრულებულია სამოქალაქო დავა, საფასურის დაკისრებასთან დაკავშირებით.
ასევე, კანონი ვრცელდება ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის მოტოციკლეტებზე, სატვირთო ავტომანქანებსა და მიკროავტობუსებზე.