კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის საქმეებზე მოქალაქეებმა პარლამენტს 40-ჯერ მოუგეს
მოქალაქე გივი შანიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მოგებული დავა პარლამენტის წინააღმდეგ ფიზიკური პირების სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელების სტატისტიკაში შევა.
1996 – 2017 წლების ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტმა მოქალაქეებთან 39 საქმე წააგო. ეს მხოლოდ ის სარჩელებია, სადაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა დადასტურდა.
ოფიციალური სტატისტიკა საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამ მონაცემებიდან ასევე ირკვევა, რომ ყველაზე ხშირად მოქალაქეები საქართველოს კანონის სხვადასხვა ნორმატიულ აქტს ასაჩივრებენ. რაოდენობრივად ყველაზე მეტი სარჩელი ეხება საქართველოს კანონიდან სხვადასხვა ნორმის – კონსტიტუციის მე-14, მე-20, 21-ე, 42-ე და მე-19 მუხლებთან შეუსაბამობას. ეს მუხლები გულისხმობს სიტყვის და აღმსარებლობის თავისუფლებას, პირად ცხოვრების, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებებს, კანონის წინაშე თანასწორობას და უფლებას სამართლიან სასამართლოზე.
1996 – 2017 წლების პერიოდში პარლამენტი ჯამში 1036-ჯერ იყო მოპასუხე მხარე. აქედან ყველაზე მეტი – 377 საქმე მოდის 2017 წელზე, თუ 2015-ში საქმეების რაოდენობა იყო 73, გასულ წელს, 2016-ში კი 149.
საკონსტიტუციო სასამართლოს 21 წლიანი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს კანონთან დაკავშირებულ დავებზე პარლამენტმა ფიზიკური პირების გარდა, საქმეები იურიდიულ პირებთანაც წააგო, რაც ჯამში 72 საქმეა. აქედან საკონსტიტუციო სასამართლომ 46 სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, 79 დავა კი საკანონმდებლო ორგანოს სასარგებლოდ დასრულდა.