მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან 72 500 ლარის უკანონოდ დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს, ერთი არასრულწლოვანი კი ამხილეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ანგარებით ჩადენილი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, სამი
პირი: 1991 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული ო.ა. და 1995 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს.
პოლიციამ ამავე ფაქტებზე 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ამხილა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა რ.ნ.-მ შექმნა ერთ-ერთი ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი – ე.წ. ფიშერული გვერდი, რომელიც ბმულის სახით გაავრცელა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“. იგი ინტერნეტმომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობდა. მოქალაქეები ტყუვდებოდნენ და ფიშერულ გვერდზე, შესაბამის ველში შეჰყავდათ საკუთარი ინტერნეტბანკის პირადი მონაცემები, რომლებიც ავტომატურად ცნობილი ხდებოდა რ.ნ.-სთვის.
აღნიშნული მონაცემების საშუალებით, რ.ნ. მოტყუებული მოქალაქეების ანგარიშებზე არსებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა, რის შემდეგაც ფულს თანამზრახველების საბანკო ანგარიშებზე, ასევე, ციფრული ვალუტის ანგარიშებზე რიცხავდა.
ბრალდებულმა გ.ა.-მ, აღნიშნულ დანაშაულში ასევე სხვა ბრალდებულ პირებს – ო.ა.-სა და ბ. ა.-ს, გარკვეული სარგებლის დაპირების სანაცვლოდ, ე.წ. ელექტრონული საფულეები დაარეგისტრირებინა, საიდანაც შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფარულად დაუფლებული თანხები გაანაღდეს.
ბრალდებულები რვა მოქალაქის საბანკო ანგარიშებიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ, ჯამში, 72 500 ლარს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში
მათივე ცნობით, ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ანგარებით ჩადენილ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული ექვსიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.