მოქალაქეები თბილისის მერიის სერვისების მიღებას დღეიდან რაიონულ სერვისცენტრებშიც შეძლებენ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადბეით, თბილისის მერია ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სერვისის მიმწოდებელი სტრუქტურაა და მერიის საქმიანობის 80 პროცენტს სწორედ მუნიციპალური სერვისები წარმოადგენს.
კალაძის თქმით, მერიის მომსახურების ცენტრებს დღის განმავლობაში დაახლოებით 2500-3000 ადამიანი მიმართავს.
კალაძე ამბობს, რომ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო რეფორმები, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა.
კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, ათივე რაიონში, ნებისმიერ სერვისცენტრში მიიღონ ის სერვისი, რომლის მიღებაც მერიის ცენტრალურ სერვისცენტრში შეეძლოთ.
„მოგეხსენებათ, თბილისის მერია ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სერვისის მიმწოდებელი სტრუქტურაა. პრაქტიკულად, მერიის საქმიანობის 80 პროცენტს მუნიციპალური სერვისები წარმოადგენს. მოქალაქეთა მომართვიანობა მომსახურების ცენტრებში დღის განმავლობაში 2500 – 3000 ადამიანს აღწევს. ასევე ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს მოქალაქეებთან მერიის ცხელი ხაზის მეშვეობით. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ჩემმა გუნდმა მოსვლისთანავე წამოიწყო რეფორმები, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა: სერვისცენტრები პრაქტიკულად არ არსებობდა. გამგეობებში შეზღუდული მოცულობით გაიწეოდა მოქალაქეებისთვის მომსახურება, მხოლოდ რაიონის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მომსახურება გამგეობებიდან გამოვიტანეთ და ერთი ქუდის ქვეშ შევქმენით სერვისცენტრები. ნებისმიერი სერვისი, რომელიც შეგიძლიათ, მიიღოთ მერიის ცენტრალურ სერვისცენტრში, უკვე დღეიდან შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერ სერვისცენტრში, ათივე რაიონში“,- განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, სისტემურ რეფორმასთან ერთად დაიწყო სერვისცენტრების რეაბილიტაცია.
„ამ რეფორმის შედეგად შექმნილია მოქალაქეზე ორიენტირებული გარემო, მოხსნილია ხელოვნური ბარიერები, ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე, მოწყობილია ტაქტილური ბილიკები და შესაბამისი დაფა ბრაილის შრიფტით“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, რაიონულ სერვისცენტრებში მომსახურების მიღება 9:00-დან 18:00 საათამდეა შესაძლებელი.