მოქალაქეები, რომლებიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებენ, სავალდებულო კარანტინს გაივლიან
ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიას დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ცნობით, „კოვიდ-19“-ის ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინო ზონებში განათავსებენ.
„ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს გაივლის სავალდებულო კარანტინს. უკვე შექმნილია რეგიონული შტაბი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს უზრუნველყოფს“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა.
გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიასა და სხვა სოფლებს შორისაც.